განუგრავამ ”სამტრედია” დატოვა
განუგრავამ ”სამტრედია” დატოვა

ინფორმაცია გიორგი განუგრავას მიერ ”სამტრედიას” დატოვების შესახებ თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

”იყო გარკვეული პრობლემები და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. საბოლოოდ გუნდიდან წამოვედი” – ამბობს განუგრავა.

განუგრავა ”სამტრედიაში” 11 იანვარს ჩაირიცხა, ანუ კლუბში სულ 70 დღე დაჰყო. ინფორმაცია კლუბმაც დაადასტურა: ”22 მარტს გიორგი განუგრავა “სამტრედიას” რიგებს ოფიციალურად გამოეთიშა. კლუბსა და ნახევარმცველს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გიორგი განუგრავა “სამტრედიას” რიგებში აღარ ირიცხება”.

ვრცელდება ასევე ინფორმცია, რომ “სამტრედიასთან” კონტრაქტი საქართველოს ნაკრების მცველმა, უჩა ლობჟანიძემაც გაწყვიტა, მაგრამ ჯერ მის ამბავს კლუბი ოფიციალურად არ ადასტურებს. ლობჟანიძე ”სამტრედიას” ერთი თვის წინ, 14 თებერვალს შეუერთდა და გაუგრავას მსგავსად, მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

იყო ინფორმაცია, თითქოს, მათ კონფლიქტი კოტ-დივუარელ ინტერს გიისთან მოუვიდათ და კლუბი ამის გამო დატოვეს. განუგრავამ მიზეზების დაკონკრეტება არ ისურვა, ახალი კლუბის ვინაობა კი გაგვიმხილა: ”რატომ წამოვედი, ამაზე ლაპარაკი არ მიღირს. რაც იყო, უკვე წარსულია. მთავარია, რომ ცივილიზებულად დავშორდით და ახალ კლუბში გადავედი – იყო რამდენიმე ვარიანტი და საბოლოოდ, ბათუმის ”დინამოს” მიწვევა ვამჯობიბე”.