განსხვავებული ვერსიები გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ ტრანსფერზე - ჰიონესი ძვირადღირებული მეკარის წინააღმდეგია, მაგრამ მანუელ ნოიერი ჯერ ვერ ითამაშებს #1TVSPORT
განსხვავებული ვერსიები გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ ტრანსფერზე - ჰიონესი ძვირადღირებული მეკარის წინააღმდეგია, მაგრამ მანუელ ნოიერი ჯერ ვერ ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილით მიუნხენის „ბაიერნის“ დაინტერესებაზე აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაციები გავრცელდა. ერთის მტკიცებით, გერმანულმა გრანდმა ტრანსფერის განხორციელება თანხის გამო აღარ ისურვა, მეორე წყარო კი წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარე მალე „ბაიერნში“ ჩაირიცხება.

footballtransfers-ი – მამარდაშვილის ტრანსფერი რეალური აღარ ჩანს

23 წლის დომინიკ კოტარსკი მიუნხენის „ბაიერნის“ სამიზნეშია. Sky-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის თქმით, „პაოკის“ მეკარე გერმანიის ტოპ კლუბის სატრანსფერო სიაში ახალი ვარიანტია. „ბაიერნში“ მანუელ ნოიერისთვის შედარებით დაბალფასიან კონკურენტს ეძებენ. იან სომერით „ინტერია“ დაინტერესებული და წასვლა სურს, რათა მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს, ნუბელსაც გუნდის დატოვება უნდა. „ბაიერნის“ მიზანია, გადაიბიროს პოტენციური ნომერი პირველი არც თუ ისე დიდ თანხად. ამიტომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი რეალური აღარ ჩანს. „ვალენსია“ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს მეკარისთვის, რომელმაც გასულ წელს ახალი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე გააფორმა.

fcbinside – ჰიონესს ძვირადღირებული მეკარის შეძენა არ სურს

ფეხის მოტეხვიდან თითქმის რვა თვის შემდეგ მანუელ ნოიერის თამაში კვლავ (დიდი) კითხვის ნიშნის ქვეშაა. გუნდის მწვრთნელის, ტომას ტუხელის თქმით, 37 წლის მეკარე აგვისტოს შუა რიცხვებში ვერ ითამაშებს. ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომ მიუნხენელებმა, შესაძლოა, ახალი მეკარე შეიძინონ, მაგრამ ული ჰიონესი ამ იდეის გულშემატკივარი არ არის.

ჰიონესის გადმოსახედიდან, „რეკორდსმენების“ ყურადღების ცენტრში კვლავ ნოიერი და მისი დაბრუნებაა: „ჩვენი მიზანია, „ბაიერნის“ პირველი ნომერი მანუელი იყოს. თუ ის კარგად იქნება, მაშინ ჩვენც კარგად ვიქნებით“.

კლუბის ყოფილი პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ახლა „ბაიერნის“ სატრანსფერო ჯგუფშია. 71 წლის სპეციალისტს ახალ მეკარეზე დიდი თანხის დახარჯვა არ სურს: „ძვირადღირებული მეკარე არ უნდა ვიყიდოთ“.

ჰიონესი, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილს გულისხმობს, რომლის მომავალსაც „ბაიერნს“ უკავშირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ქართველის ტრანსფერში „ვალენსია“ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

Leadersport-ი – 99%-ით მამარდაშვილი „ბაიერნშია“

თუ სასწაული და გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, გიორგი მამარდაშვილი მალე „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდება. ეს „კიკერის“ ჟურნალისტის, ვოლფგან შმიდტის სიტყვებია წერილიდან, რომელიც გამოცემას დაუბრუნა კითხვის საპასუხოდ, თუ რა ხდება მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით მიუნხენის „ბაიერნში“. შმიდტი ძალიან კარგად ერკვევა გერმანული გრანდის სატრანსფერო საქმეებში.