განიავებული შანსი - ქართველების „სლოვანი“ კონფერენსლიგის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT
განიავებული შანსი - ქართველების „სლოვანი“ კონფერენსლიგის გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT

კონფერენსლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ბრატისლავისსლოვანი“ (სადაც სამი ქართველი თამაშობს) შვეიცარიულ „ბაზელს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. ამ გუნდების პირველი მატჩის მსგავსად, საპასუხო შეხვედრაც 2:2 დასრულდა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში „ბაზელმა“ გაიმარჯვა და ქართველი ლეგიონერების გუნდი კონფერენსლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

სლოვაკეთის ჩემპიონის სამივე ქართველი ლეგიონერი (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე) ძირითად შემადგენლობაში იყო. საინტერესო ფაქტია, რომ ეს გუნდები მიმდინარე ტურნირზე ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ (მანამდე ჯგუფურ ეტაპზეც ერთ ჯგუფში მოხვდნენ).

მერვედფინალის პირველი მატჩი შვეიცარიაში 2:2 დასრულდა და „სლოვანს“ მომდევნო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდა.

ბრატისლაველები სწრაფად დაწინაურდნენ – ანგარიში მე-12 წუთზე მალიკ აბუბაქარმა გახსნა. მე-17 წუთზე „სლოვანის“ უპირატესობა იურაი კუცკამ ორამდე გაზარდა და მასპინძლები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში, გიორგი ჩაკვეტაძის პასის შემდეგ აბუბაქარი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. შვეიცარიელებმა კი თავისი შანსით 53-ე წუთზე ისარგებლეს და რიკარდო კალაფიორის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

ძირითადი დროის ბოლო წამებზე „ბაზელმა“ ანგარიში გაათანაბრა – „სლოვანის“ ფეხბურთელებს ზეკი ამდუნი უყურადღებოდ დარჩათ, მან კი საშუალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 2:2 და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

გამარჯვებული დამატებულ ტაიმებშიც ვერ გამოვლინდა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „ბაზელის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და ორი მატჩის ჯამში (2:2, 2:2 – პენალტებით, 4:1) კონფერენსლიგის მეოთხედფინალში შვეიცარიული გუნდი გავიდა.