განათლების სამინისტრო - არც ერთი დირექტორი არ გაგვითავისუფლებია სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას გამოვრიცხავთ
განათლების სამინისტრო - არც ერთი დირექტორი არ გაგვითავისუფლებია სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას გამოვრიცხავთ

სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არც ერთი დირექტორის გათავისუფლება, – აცხადებენ განათლების სამინისტროში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას გამორიცხავენ.

„საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ არჩეულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების ექვსწლიანი ვადა. აღნიშნული ინფორმაცია საჯარო სკოლის ყველა დირექტორისთვის კარგად არის ცნობილი, რადგან დირექტორი არჩეულია ექვსი წლის ვადით.

სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა არც ერთი დირექტორის გათავისუფლება. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში.

შესაბამისად, სამინისტრო გამორიცხავს პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ვადის ამოწურვის მიზეზით, ქსნის საჯარო სკოლაში დირექტორი დოდო ჭოტორლიშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. დოდო ჭოტორლიშვილის შვილი, ბექა ლელუაშვილი დედის გათავისუფლების მიზეზად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის კავშირს ასახელებს. როგორც ბექა ლელუაშვილი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, დოდო ჭოტორლიშვილის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. როგორც ბექა ლელუაშვილი აცხადებს, დოდო ჭოტორლიშვილს ინფარქტის ნიშნები გამოუვლინდა. საავადმყოფოსთან იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სკოლის დირექტორის დაშინების შემთხვევა „ქართული ოცნების“ არჩევნებზე მარცხს მიანიშნებს.