განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, უცხოეთში მყოფი ქართველები ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის, სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება.

„დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას თქვენს საჭიროებებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით, გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები.

ამასთანავე, გაძლიერდება დისტანციური სწავლება და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გაძლიერდება ელექტრონული რესურსები.