განაცხადში მოხვედრილ კვირკველიას „ლოკომოტივში“ არ უთამაშია - ოფიციალური მიზეზი ტრავმაა
მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის პრემიერლიგის სეზონი ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ნიკოლიჩის ხელმძღვანელობით განაახლა – მოსკოველებმა 23-ე ტურში „ორენბურგი“ მიიღეს და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასასრულს, მოედანზე 22 მოთამაშის ნაცვლად, 19 იყო.მთავარმა არბიტრმა მოსკოველებს ერთი ფეხბურთელი გაუძევა, ხოლო „ორენბურგს“ – ორი.
ქართველი გულშემატკივრისთვის ამ შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო და არც შეცვლაზე უთამაშია.
ახალი მთავარი მწვრთნელის სადებიუტო მატჩში „ლოკომოტივს“ ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე დააკლდა – ანტონ მირანჩუკი და საბა კვირკველია. ოფიციალური ვერსიით, ორივე დაშავებული იყო.
ამავე დროს, ცნობილი იყო, რომ ტრავმირებულები იყვნენ ალეკსეი მირანჩუკი, რიფატ ჟემალეტდინოვი და დიმიტრი ბარინოვი, რომლებმაც ძირითადში ითამაშეს, ხოლო ანტონ მირანჩუკი და კვირკველია სამატჩო განაცხადში მოხვდნენ, რაც ასეთ დროს ნონსენსია – ტრავმირებული ვერც ძირითადში ითამაშებს და ვერც შეცვლაზე. გავრცელებული ვერსიით, კვირკველია სეზონის დასრულების შემდეგ მოსკოვის „ლოკომოტივს“ დატოვებს.