გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე გაიზარდა - „ვალენსიამ“ მამარდაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT​
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონამდე გაიზარდა - „ვალენსიამ“ მამარდაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT​

ლა ლიგის „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა – ამის შესახებ განცხადება კლუბმა გააკეთა. ქართველი მეკარე „მესტალიას“ მეკარედ დარჩება, ხელშეკრულებაში კი არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, მამარდაშვილით დაინტერესებულმა კლუბმა ესპანელებს 100 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

„ვალენსიამ“ მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე 2027 წლის 30 ივნისამდე. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის დებიუტი გუნდში გასულ სეზონში შედგა, კლუბში 27 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მათ შორის 2021/22 წლების კოპა დელ რეის ფინალი. მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარეა და ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარედ ჩამოყალიბდა“ – წერია „ვალენსიას“ გავრცელებულ ცნობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მას უკავშირდებოდნენ და ინტერესი იყო, ქართველი „ვალენსიაში“ კმაყოფილია და უგულებელყო ყველა ზარი და ისიც კი, რომ გუნდში და ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც, მამარდაშვილით დაინტერესებულმა კლუბმა „ვალენსიას“ 100 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს გუნდმა იცის ქართველის მნიშვნელობა და ახლა უკვე ოფიციალურად, მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ზეიმობს“, – წერს გამოცემა ElDesmarque Valencia.

გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახეს. ვილი სანიოლის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას 23 სექტემბერს თბილისში დაუპირისპირდება. გიბრალტარისა და საქართველოს მატჩი კი 26 სექტემბერს გაიმართება. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.