გამოკითხვის თანახმად, იტალიელების ნახევარზე მეტი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამართლებულად მიიჩნევს
გამოკითხვის თანახმად, იტალიელების ნახევარზე მეტი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გამართლებულად მიიჩნევს

იტალიელების ნახევარზე მეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვის მიზნით პირადი თავისუფლების შეზღუდვას გამართლებულად მიიჩნევს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კვლევით ინსტიტუტ „სენსისის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს თქმით, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ჯერ კიდევ აქვს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა.

კვლევითი ინსტიტუტის განცხადებით, გამოკითხულთა 57.8% ეთანხმება, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს „როდის და რა პირობებში შეუძლიათ სახლიდან გამოსვლა, რა გააკეთონ ან არ გააკეთონ, ვის შეიძლება, შეხვდნენ და სად“ იმისთვის, რათა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.

სენსისის“ კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვების მიღებამდე ჩატარდა, გამოკითხულთა დაახლოებით 78%-მა შობისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამასთან, გამოკითხულთა დაახლოებით 77% შეზღუდვების დარღვევის გამო ჯარიმის დაწესებას დაეთანხმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ სხვა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, შუაღამის შემდგომ მასობრივი შეკრებები და ქალაქებს შორის გადაადგილება შობისა და ახალი წლის დღეების განმავლობაში აკრძალა.

იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 1 688 939 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 58 852 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.