გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე მალიკ ფაისალ აკრამი იყო
გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე მალიკ ფაისალ აკრამი იყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ტეხასის შტატის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, 44 წლის ბრიტანეთის მოქალაქე მალიკ ფაისალ აკრამი იყო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მამაკაცი მძევლების გათავისუფლების შემდეგ სამართალდამცველებმა მოკლეს.

სინაგოგაში მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელის ლიკვიდაციის შემდეგ, მალიკ ფაისალ აკრამის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. აკრამის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მის არც ერთ ქმედებას არ ამართლებენ და ინციდენტში მონაწილე ადამიანებს ბოდიშს უხდიან.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა.

თავდამსხმელი პოლიციას წინააღმდეგობას ათი საათის განმავლობაში უწევდა. მალიკ ფაისალ აკრამი ამტკიცებდა, რომ პაკისტანელი ნეირობიოლოგის, ააფია სიდიქის ძმა იყო და მისი ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ააფია სიდიქის ამერიკელი ჯარისკაცებისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის ცეცხლის გახსნა დასდეს ბრალად და 2010 წელს 86-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.