გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე 160-ზე მეტი საქმეა აღძრული, ბრალი წაუყენეს 70 პირს
გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტზე 160-ზე მეტი საქმეა აღძრული, ბრალი წაუყენეს 70 პირს

კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში, აღძრულია 160-ზე მეტი საქმე და ბრალი წაუყენეს 70 ადამიანს. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაშინგტონის პროკურორმა, მაიკლ შერვინმა განაცხადა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რადგან, როგორც მოსალოდნელია, ბრალს ასობით პირს წაუყენებენ.

ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის დირექტორის თანაშემწემ, სტივენ დანტუონომ აღნიშნა, რომ გამოძიებამ საზოგადოებისგან 100 ათასამდე ციფრული მტკიცებულება მიიღო.

გამოძიების ფედერალური ბიურო მოუწოდებს არეულობის მონაწილეებს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს.

6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა. არეულობისას ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.