გამოცემა „ტრიბუნა“ – ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმს“ ბუნდესლიგაში დარჩენის იმედი შეუნარჩუნა #1TVSPORT
16 მარტს ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში უმთავრეს კონკურენტს, „ჰოლშტაინ კილს“ დაუპირისპირდება და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ამ გზაზე კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს წინა ტურში „ჰოფენჰაიმთან“ ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლი, რომელმაც, თამაშთან ერთად, გუნდის ბუნდესლიგაში დარჩენის იმედები გადაარჩინა, – წერს გამოცემა „ტრიბუნა“.
დუელი ბუნდესლიგის ფსკერზე
„ჰაიდენჰაიმი“ ცხრილის ბოლო ადგილზეა. გუნდის პრეზიდენტმა, ჰოლგერ სანვალდმა უკვე უწოდა ამ დუელს „სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში“.
გუნდის მწვრთნელი ფრანკ შმიდტი „ჰოლშტაინ კილთან“ შეხვედრას დიდი იმედებით ელის და გუნდისგან ითხოვს, რომ კვირას ამ შეხვედრაში აუცილებლად გაიმარჯვოს. მისი დევიზია: „წაგება აკრძალულია!“
„სავარჯიშო კვირამ ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ზუსტად ის დამოკიდებულებაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. „ჰოლშტაინ კილთან“ ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგებაა, რადგან ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება გვსურს. ეს მხოლოდ ამ მატჩის მოგებით იქნება შესაძლებელი. სხვა შედეგზე არც ვფიქრობთ, რადგან წაგება აკრძალულია“, – ამბობს შმიდტი.
გასულ ტურში „ჰოფენჰაიმთან“ (1:1) გუნდს ლიგაში დარჩენის იმედი ბუდუ ზივზივაძემ შეუნარჩუნა, რომელმაც „ჰაიდენჰაიმი“ მნიშვნელოვანი დამარცხებისგან მეორე ტაიმში გატანილი ბრწყინვალე გოლით გადაარჩინა. ზივზივაძე მატჩის გმირი გახდა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში გუნდის იმედები გააცოცხლა“.