გამოცემა Scotsman-მა საქართველოს ნაკრები ძველმოდურ გუნდად ჩათვალა - კვარაცხელიას შოტლანდია ევრო 2024-ზე სიამოვნებით წაიყვანდა #1TVSPORT
საქართველო – შოტლანდიის თამაშზე გამოცემა Scotsman-მა წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უკანასკნელი პერიოდის შოტლანდიური სპორტული მედიისთვის დამახასიათებელი ტონი მეორდება. თბილისში წაგებას გადარჩენილები საქართველოს ნაკრებს და მის წევრებს უარყოფითად ახსენებენ, თუმცა ამ შემთხვევაში ავტორმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და წერს, რომ მას შოტლანდიის ნაკრებში ევრო 2024-ზე სიამოვნებით იხილავდა.
„ლოურენს შენკლენდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და შოტლანდიას დამსახურებული ქულა მოუტანა საქართველოში, თავად კი ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა, რადგან ანგარიშის გათანაბრებით „ჰართსის“ თავდამსხმელმა აჩვენა, რომ გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გუნდს დასჭირდება.
„ნაპოლის“ ბრწყინვალე ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ სკოტ მაკტომინეიმ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მარტო იმიტომაც, რომ ეს იყო საქართველოში შოტლანდიის ნაკრების პირველი გოლი. კლარკის გუნდი არასოდეს ნებდება.
მათ გამძლეობა გამოიჩინეს ოსლოში, როდესაც 0:1-ს აგებდნენ და 2:1 მოიგეს. სწორედ ასეთი მონდომება გამოავლინეს მოთამაშეებმა საქართველოშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა A ჯგუფის სათავეში მყოფი ესპანეთის გასწრების შანსები მცირეა, შოტლანდიის ნაკრებმა ზედიზედ სამმარცხიანი სერია დაასრულა და თუ კვირას „ჰემპდენ პარკზე“ ორი ან მეტი გოლით გაიმარჯვებს, ევრო 2024-ის წილისყრისას მეორე კალათში მოხვდება.
შემაშფოთებელია, რომ საქართველო, შესაძლოა, ევრო 2024-ის მოწინააღმდეგეებს შორის მოხვდეს. ვილი სანიოლის უხერხულ გუნდს შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზური ერთა ლიგის C დივიზიონის პლეი ოფის მეშვეობით მოიპოვოს. საქართველო შოტლანდიას ხშირად ამარცხებდა (2007, 2015), მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა ნავსი გატეხა.
საქართველო ძველმოდურ აღმოსავლეთევროპულ გუნდს ჰგავდა, მაგრამ მადა საგრძნობლად გაეზარდა. მათმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ყველა შესაძლო ხრიკი გამოიყენა. 82-ე წუთზე მსაჯს არწმუნებდა, რომ მაკტომინეიმ დაარტყა.
ხვიჩა კვარაცხელიას შოტლანდია სიამოვნებით წაიყვანდა გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე. შენკლენდმა ბოლოს მამარდაშვილს მაინც გაუტანა და ისეთი სიხარული მოუტანა შოტლანდიის ნაკრებს ამ ლამაზ ქალაქში, თითქოს ევრო 2024-ზე მოსახვედრად მხოლოდ ეს ქულა გვჭირდებოდა“, – წერს შოტლანდიური გამოცემა.