გამოცემა National Sport-ი - კვარაცხელიას გარეშე საქართველოს ნაკრები უფრო სუსტია #1TVSPORT
გამოცემა National Sport-ი - კვარაცხელიას გარეშე საქართველოს ნაკრები უფრო სუსტია #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის წინ ლუქსემბურგულმა გამოცემამ, National Sport-მა წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლუქსემბურგთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, მის გარეშე კი ვილი სანიოლის გუნდი უფრო სუსტად გამოიყურება.

„მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ციფრები ყველაფერს ამბობს, საქართველოს ნაკრები მასზე ძალიან დამოკიდებულია, მაგრამ ის ხუთშაბათს ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ნაკრებში მისი დებიუტის შემდეგ საქართველომ 47 შეხვედრა ჩაატარა – 28 კვარაცხელიასთან ერთად, ხოლო 19 – მის გარეშე. ხვიჩასთან ერთად „ჯვაროსნებმა“ 15-ჯერ მოიგეს, 6 მატჩი ფრედ დაასრულეს, ხოლო 7-ჯერ წააგეს, ანუ თამაშების 53% გამარჯვებით დაასრულეს. მის გარეშე მოთამაშე ნაკრებმა კი მხოლოდ სამჯერ მოიგო, მათ შორის სუსტ მეტოქეებთან – გიბრალტარსა და მონღოლეთთან.

კვარაცხელიას მიერ გამოტოვებულ სანაკრებო შეხვედრებში საქართველოს ნაკრებმა 13 გოლი გაიტანა (საშუალოდ 0.68 გოლი თამაშში), ხოლო 10-შეხვედრაში 19-დან მეტოქეთა კარი საერთოდ ვერ აიღო. იტალიის მოქმედი ჩემპიონის მონაწილეობით გამართულ მატჩებში კი „ჯვაროსნებმა“ 51-ჯერ გაიტანეს გოლი (საშუალოდ 1.82 გოლი თამაშში).

2022/2023 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე უშუალოდ 22 გოლში მონაწილეობდა. გაიტანა 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენი მეტოქის თამაში უკიდურესად დამოკიდებულია კვარაცხელიაზე. ეს კარგის ნიშანია ლუქსემბურგისთვის“, – წერია National Sport-ში გამოქვეყნებულ წერილში.