გამოცემა კერკიდა - საბერძნეთის ჩემპიონი ნინუას შეუთანხმდა, მიზანი ფინანსური მოგებაა (ვიდეო)

ბერძნული გამოცემა „კერკიდას“ ცნობით, თბილისის „დინამოს“ კაპიტანი ნიკა ნინუა თურქული „ბეშიქთაშის“ ნაცვლად, კარიერას საბერძნეთის ჩემპიონ სალონიკის პაოკ-ში გააგრძელებს.

„რატომ სურს პაოკ-ს 21 წლის ნიკა ნინუას შეძენა? გუნდის გერმანელი სპორტული დირექტორი ოლაფ რებე მასში ხედავს ფეხბურთელს, რომელსაც შეიძლება პერსპექტივაში ფასი დაედოს, რაც პაოკ-ს უახლოეს მომავალში ფინანსურ სარგებლობას მოუტანს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, აბელ ფერეირამ თქვა, რომ კონკურენტული გუნდის შექმნა და ახალი მოთამაშეების დამატება სურს. პაოკ-ი დიდ ყურადღებას აქცევს პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ამ კონტექსტში 21 წლის ქართველი ნიკა ნინუას ტრანსფერი მომავალზე გათვლილი ინვესტიციაა“, – წერს გამოცემა.

კერკიდა“ ამტკიცებს, რომ გუნდი ნინუას უკვე შეუთანხმდა: „სალონიკელებმა საინტერესო მოთამაშე მოძებნეს და თუ მოლაპარაკება ნორმალურად წავა, სავარაუდოდ, სამწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. პაოკ-ის ახალი სპორტული დირექტორი ოლაფ რებე თვლის, რომ ნინუას დიდი პერსპექტივა აქვს. იგი თბილისის „დინამოს“ კაპიტანია, სადაც სადებიუტო მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარა. ის შეტევის განვითარების უნარითა და შედეგიანობით გამოირჩევა. გამოცდილი ფეხბურთელია, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „დინამოს“ შეუცვლელ მოთამაშედ იქცა, არის კრეატიული და სწრაფი, ხოლო სტანდარტების დროს კარგი დარტყმით გამოირჩევა”.