გამოცემა „კერკიდა“ - „ანორთოსისს“ ძველი ლორია სჭირდება #1TVSPORT
გამოცემა „კერკიდა“ - „ანორთოსისს“ ძველი ლორია სჭირდება #1TVSPORT

გიორგი ლორიას კარიერაში ერთ-ერთი რთული პერიოდი დაუდგა – გუნდი ვერ იგებს, დაცვა ცუდად გამოიყურება და მას საქმე მოუმრავლდა. ასეთ დროს მეკარის შეცდომებიც უფრო ჩანს. ამის შესახებ გამოცემა „კერკიდას“ ჟურნალისტი წერს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ქართველ მეკარეს ისეთს იხილავს, როგორიც გულშემატკივრებმა შეიყვარეს. თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ძალიან აირია, რაც შედეგებსაც დაეტყო – 15 ტურის შემდეგ 18 ქულით მეცხრე ადგილზეა, ლიდერთა სამეულს კი 19 ქულით ჩამორჩება.

ფამაგუსტური გუნდი ბოლო ტურის შეხვედრას „კარმიოტისასთან“ 0:2 აგებდა – საბოლოოდ, მატჩი არეულობის გამო ვერ დასრულდა. მეორე გოლი ქართველი მეკარის შეცდომას მოჰყვა, რომელსაც გარკევული პერიოდი საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო გაუცდა და სტაბილურად ვერ თამაშობს.

„ის არ არის ისეთი ლორია, რომელსაც ამდენი წელია ვიცნობთ. „ანორთოსისში“ წელს ყველაფერი კარგად არ არის. გუნდს კი კარგი ძველი მეკარე სჭირდება. გიორგიმ სეზონის საუკეთესო თამაში „აპოელის“ წინააღმდეგ აჩვენა, მაგრამ გოლების მომენტში არ გაუმართლა. უიღბლობის ბრალია, როდესაც მეტოქის დარტყმისას გუნდი გადაარჩინა, მაგრამ მოგერიებული ბურთი თანაგუნდელისგან მაინც „ანორთოსისის“ კარში აღმოჩნდა.

ფამაგუსტელების მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმაც და „ანორთოსისში“ ყველამ იცის, რას ნიშნავს კარგ ფორმაში მყოფი ლორია – მან წარსულში აჩვენა, რომ გუნდის დაწინაურებასა და ქულების მოპოვებაში თავისი როლის შესრულება შეუძლია. მომდევნო პერიოდი „ანორთოსისთვის“ მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით. აშკარაა, რომ გუნდმა ტემპი უნდა გაზარდოს და შედეგიანობაც, აქამდე კი გუნდის მიყვანა ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული“, – წერს ჟურნალისტი სავას პილაკუტასი.