გამოცემა „გოლმა“ „ინტერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გაერთიანებული სიმბოლური გუნდი შეადგინა #1TVSPORT
გამოცემა „გოლმა“ „ინტერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გაერთიანებული სიმბოლური გუნდი შეადგინა #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გავლენიანმა გამოცემამ, Goal.com-მა „ინტერისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გაერთიანებული სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა. გუნდის შემადგენლობაში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

თერთმეტეულში პსჟ-ს რვა წარმომადგენელი ჰყავს, ხოლო მილანური გუნდიდან მხოლოდ სამი მოთამაშეა შესული — ალესანდრო ბასტონი, დენზელ დუმფრისი და ნიკოლო ბარელა.

Goal.com-ის მიერ შერჩეული თერთმეტეული:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, უილიან პაჩო (პსჟ) ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), ნუნუ მენდეში (პსჟ).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა („ინტერი“), ჟოაუ ნევეში, ვიტინია (პსჟ), დენზელ დუმფრისი („ინტერი“)

თავდამსხმელები: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

პორტალის შეფასებით, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ევროპის ორ ტოპ ლიგაში ორი სხვადასხვა გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ქართველმა ვარსკვლავმა პარიზში, წარუმატებელი გასული წლის შემდეგ, კვლავ გაიბრწყინა. მართალია,  შესაძლებელი იყო, მას მეტი გოლი გაეტანა, თუმცა გუნდისთვის იმდენი გააკეთა, რომ ჩვენს სიმბოლურ გუნდში მარკუს ტურამის ადგილი დაიკავა“, — წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ინტერს“ შორის 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.