გამოცემა football365-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „არსენალის“ წინადადებისთვის ღიაა #1TVSPORT
გამოცემა football365-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „არსენალის“ წინადადებისთვის ღიაა #1TVSPORT

ფაბრიციო რომანომ გამორიცხა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს და „არსენალში“ გადავა, თუმცა გამოცემა football365 წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ამ წინადადებისთვის ღიაა.

„ფაბრიციო რომანომ უპასუხა გავრცელებულ ჭორებს, რომელთა მიხედვითაც, „არსენალი“, შესაძლოა, ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას ეცადოს. „მეთოფეებს“ ზოგიერთ მატჩში კრეატიულობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ და კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერიც სწორედ ამას უკავშირებენ.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, „არსენალი“ მზად არის, პსჟ-დან ქართველი ფეხბურთელი დაიმატოს, რომლის სანაცვლოდაც პარიზელებმა 2025 წლის იანვარში 75 მილიონი ევრო გადაიხადეს.

The Independent-ის ჟურნალისტი მიგელ დელანეი ამ კვირაში წერდა, რომ „მეთოფეები“ ქართველის მხარესთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ, ხოლო თავად ფეხბურთელი „ამ იდეისთვის ღიაა“. თუმცა ფაბრიციო რომანო ამტკიცებს, რომ ფრანგული გრანდი ზაფხულში „მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს“.

რომანომ საკუთარ YouTube-ის არხზე განაცხადა: „კვარა საქართველოს ნაკრების კაპიტანია, ბრწყინვალედ თამაშობს და „პარი სენ-ჟერმენში“ შესანიშნავად ასრულებს თავის საქმეს. გულწრფელად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ის სათანადოდ დაფასებული არ იყოს, რადგან ზოგჯერ ხალხს ავიწყდება, რამდენად მაღალი დონის ფეხბურთელია.

„არსენალის“ ინტერესის შესახებ ჭორები კვლავ ვრცელდება, თუმცა, როგორც მე მესმის, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია: პსჟ-ს არ აქვს განზრახული ზაფხულში კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. მათ მოსწონთ მისი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და სტაბილურობა. არ დაგავიწყდეთ, კვარა „ნაპოლიდან“ სულ რაღაც 14 თვის წინ, 2025 წლის იანვარში გადავიდა. ამიტომ პსჟ-ს მისი თამაშით ტკბობა კიდევ უფრო დიდხანს სურს“.

ასევე არსებობს ვერსია, რომ ქართველი შესაძლოა პსჟ-დან გასახდელში არსებული დაძაბული გარემოს გამო წავიდეს. ფრანგული მედიის ცნობით, თანაგუნდელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მიიჩნევენ, რომ კვარაცხელია ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად მოქმედებს და ბოლო მესამედში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ Le Parisien-თან ინტერვიუში მკაფიოდ განაცხადა, რომ პარიზში თავს ბედნიერად გრძნობს“, – წერს football365.