გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ 11 აპრილს „ლანსთან“ ლიგა 1-ის მატჩის გადადებას ითხოვს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგას (LFP) 11 აპრილს „ლანსის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩის გადადების თხოვნით მიმართავს, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
„პარი სენ-ჟერმენის“ სურვილია, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრებს შორის დასვენების საშუალება ჰქონდეს. LFP-ს დირექტორთა საბჭო აღნიშნულ საკითხზე სამსჯელოდ ხუთშაბათს დილით შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს.
საგულისხმოა, რომ თამაშის ოფიციალურად გადასადებად პარიზულ კლუბს „ლანსის“ თანხმობა არ სჭირდება. ლიგა, როგორც წესი, ითვალისწინებს ევროტურნირებზე მოასპარეზე კლუბების ინტერესებს და მაქსიმალურად უწყობს მათ ხელს ლიგა 1-ის მატჩების კალენდრის შეცვლაში.
„პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებს შორის ერთი მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე გადაუდეს – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ნანტთან“ 26-ე ტურის თამაშს მოგვიანებით ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ლივერპულთან“ მეოთხედფინალის პირველ მატჩს 8 აპრილს პარიზში გამართავს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს ლივერპულში შედგება.