გამოცემა „ეკიპი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ დომინირების გამო, შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1 ახალი ფორმატით ჩატარდეს #1TVSPORT
გამოცემა „ეკიპი“ – „პარი სენ-ჟერმენის“ დომინირების გამო, შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1 ახალი ფორმატით ჩატარდეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო 13 გათამაშებიდან 11 მოიგო. გამონაკლისს წარმოადგენდნენ „ლილი“ და „მონაკო“, რომლებმაც გამარჯვება 2017 და 2021 წლებში მოიპოვეს. სწორედ ამ დომინაციის გამო, შესაძლოა, ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალოს, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

„ფრანგულ ფეხბურთში, შესაძლოა, უახლოეს თვეებში ყველაფერი შეიცვალოს, თუ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფილიპ დიალოს მიერ წარდგენილი წინადადება დამტკიცდება. დღის წესრიგში ლიგა 1-ის ფორმატის შეცვლა დგას, რადგან პსჟ-ის ერთპიროვნული უპირატესობა ჩემპიონატზე უარყოფითად აისახება.

მომავალში, შესაძლოა, კლუბების ასოციაცია შეიქმნას. ასეთ შემთხვევაში პროფესიონალური ლიგა გაუქმდება, ხოლო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის უფლებამოსილება გაიზრდება. ინიციატივა გულისხმობს, რომ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ჩემპიონი პლეი ოფის გზით გამოვლინდეს — ნახევარფინალში და ფინალში ოთხი საუკეთესო გუნდი ითამაშებს.

პსჟ ბოლო წლების განმავლობაში დომინირებს, 13 სეზონიდან 11-ში ჩემპიონი გახდა. ახალმა ფორმატმა, შესაძლოა, სხვა გუნდებს მისცეს შანსი და მეტი ინტერესიც გამოიწვიოს, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ პსჟ აღნიშნულ ცვლილებებს დადებითად შეხვდება“, – წერს გამოცემა „ეკიპი“.