გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ - კვარაცხელია „რუბინს“ ზამთარში არ დატოვებს
გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ - კვარაცხელია „რუბინს“ ზამთარში არ დატოვებს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ სეზონის მეორე ნაწილსაც თავის ამჟამინდელ კლუბში, ყაზანის „რუბინში“ გაატარებს, – ინფორმაციას გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ გუნდიდან მისი მალე წასვლა გამორიცხული არ არის.

„არის წინადადებები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მინდა ევროპაში ვითამაშო. ჩემი პრიორიტეტი დიდი ფეხბურთის თამაშია და ბუნებრივია, დიდხანს რუსეთში დარჩენას არ ვაპირებ”,- თქვა ფეხბურთელმა.

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ასევე განმარტა, რომ კლუბი ღიაა წინადადებების განსახილველად მზადა არის.

„ჩვენ ყველას გვაინტერესებს არა მხოლოდ ფინანსები, არამედ ხვიჩას ზრდა და განვითარება, მაგრამ ჯერ გააკეთონ შეთავაზება“, – განაცხადა საიმანოვმა R-Sport-თან ინტერვიუში.

გამოცემა „ბიზნეს ონლაინი“ კი წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ამ დროისთვის ყაზანის გუნდს 19 წლის ქართველის ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებები არ აქვს და რომ ფეხბურთელი გუნდს მოგვიანებით დატოვებს.

„ამიტომ კლუბი ფეხბურთელის ზამთარში გაყიდვას არ აპირებს. ჩვენი მონაცემებით, ქართველის გადაყვანა უფრო სავარაუდო ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ იქნება. კვარაცხელიამ სეზონის მეორე ნაწილი ყაზანში უნდა გაატაროს“, – ამტკიცებს „ბიზნეს-ონლაინი“.