გამოცემა „არეა ნაპოლი“ კვარაცხელიას შესახებ წერს - კარგი თამაშის მიუხედავად, ხვიჩამ მოედანი კვლავ გოლის გარეშე დატოვა #1TVSPORT
გამოცემა „არეა ნაპოლი“ კვარაცხელიას შესახებ წერს - კარგი თამაშის მიუხედავად, ხვიჩამ მოედანი კვლავ გოლის გარეშე დატოვა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ბრაგასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ (2:0) შეხვედრაში გოლის გატანის შესანიშნავი შანსი კვლავ ვერ გამოიყენა, რაც მის კრიზისს ადასტურებს, – ამის შესახებ გამოცემა „არეა ნაპოლი“ წერს.

თუმცა, საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, OPTA-მ „ბრასთან“ მატჩის შემდეგ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 14 საგოლე შანსი შექმნა, ამ მაჩვენებლით კი მხოლოდ პსჟ-ის ფლანგის მცველს, აჩრაფ ჰაკიმის ჩამორჩება.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიურ გუნდს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას თავის გამოჩენის შანსი მეორე ნახევარში ჰქონდა, როცა ჯაკომო რასპადორიმ კარის წინ შესანიშნავ პოზიციაზე დატოვა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელის დარტყმა „ბრაგას“ მეკარემ მოიგერია.

„მიუხედავად კარგი თამაშისა, არაერთხელ შეტევის გამწვავებისა, ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გოლის გარეშე დატოვა მოედანი. „ნაპოლიმ“ „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა ავტოგოლისა და ოსიმენის იღბლიანი დარტყმის წყალობით. ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ კვარაცხელიამ ვერ შეძლო, ის მუდმივად ცდილობს, თავისი თამაში იპოვოს, თუმცა ხან ახერხებს ამას, ხან – ვერა.

მატჩის 81-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი საუკეთესოდ ასახავს მის მდგომარეობას. კვარაცხელიას ცუდი დარტყმა „ბრაგას“ მეკარემ მოიგერია. ეს მიუთითებს მის დროებით კრიზისზე და არა მუდმივ მოცემულობაზე. მართალი იყო რასპადორი, რომელიც თვალებს არ უჯერებდა – ეს როგორ მოხდა?“ – წერს „არეა ნაპოლი“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში მოგებული შეხვედრით „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.