გამოცდილების გასაზიარებლად - ქუთაისის „ტორპედოს“ იტალიელი სპეციალისტი დაეხმარება #1TVSPORT
გამოცდილების გასაზიარებლად - ქუთაისის „ტორპედოს“ იტალიელი სპეციალისტი დაეხმარება #1TVSPORT

იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ფერარი ქუთაისში კვლავ ჩამოვიდა და „ტორპედოს“ საფეხბურთო აკადემიის განვითარებაში დაეხმარება, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩამოსვლის მიზეზი მისი იტალიური გამოცდილების გაზიარებაა ქუთაისის „ტორპედოს“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში, აკადემიის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გუნდების სელექცია-დაკომპლექტებაში. დღეს მასიმილიანო ფერარი „ტორპედოს“ აკადემიის მწვრთნელებს შეხვდა. საუბარი სამომავლო გეგმებსა და სამოქმედო სტრატეგიების შემუშავებაზე წარიმართა“, – წერია „ტორპედოს“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი ქუთაისს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ესტუმრა და „ტორპედოს“ მფლობელ „ნიუ ვიჟენთან“ ხელშეკრულება გააფორმა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ მასიმილიანო ფერარი გაუწევდა კონსულტაციას ქუთაისურ კლუბს, „ნიუ ვიჟენის“ ახალგაზრდულ გუნდებს და ამასთან, ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ფუნქციურად გამართვაში დაეხმარებოდა. მისი საქართველოში ჩამოყვანა „ინტერის“ აკადემიისა და „ტორპედოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ანა წერეთლის ძალისხმევით მოხდა.

მასიმილიანო ფერარი წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „მილანის“ აკადემიის მწვრთნელი იყო. 2019 წელს სწორედ ის ხელმძღვანელობდა ბათუმში გამართულ „მილანის“ ახალგაზრდულ ბანაკს, რომლის ორგანიზატორიც ანა წერეთელი გახლდათ.