გამარჯვება კონკურენტთან - „ჩიხურამ“ „მერანს“ მოუგო და სამი ქულით გაასწრო
გამარჯვება კონკურენტთან - „ჩიხურამ“ „მერანს“ მოუგო და სამი ქულით გაასწრო

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის მორიგი შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა – თბილისის „მერანმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს – რევაზ გეწაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ დავით ბოლქვაძემ მცველს დაასწრო და თავით ზუსტად დაარტყა 1:0. ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე „ხანდაზმული“ გოლი იყო – გოლის ავტორი 40 წლისაა.

თბილისელებს დაწინაურების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს, რისთვისაც საჩხერელებმა „მერანი“ დასაჯეს – 53-ე წუთზე, თენგიზ წიქარიძის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა „ჩიხურას“ თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ წონასწორობა აღადგინა 1:1. 69-ე წუთზე კი წიქარიძემ ეფექტური დარტყმით საჩხერელები დააწინაურა 1:2. მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წუთებზე საჩხერელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა „ჩიხურა“ ორჯერ გადაარჩინა და „ჩიხურამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 1:2.

16 ტურის შემდეგ საჩხერის „ჩიხურამ“ 9 ქულა დააგროვა, თბილისის „მერანს“ (6 ქულა) 3 ქულით გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ წელს საჩხერელებმა ორი თამაში მოიგეს და ორივე „მერანთან“, რომელსაც 16 ტურის შემდეგაც კი თამაში არ მოუგია.