გალიანიმ შეიძლება იტალიის ფეხბურთის ფედერაციას უხელმძღვანელოს – არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის გამარჯვების ანულირებას ითხოვენ #1TVSPORT

22:17, 24.09.2026

იტალიური ფეხბურთი სერიოზული მმართველობითი კრიზისის წინაშე. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) ახალ პრეზიდენტს ჯოვანი მალაგოს თანამდებობის დაკარგვა ემუქრება – ივნისის არჩევნებში დაჯერებული გამარჯვებიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში. ახლა, შესაძლოა, არჩევნების შედეგები სასამართლოს გზით გაუქმდეს.

გაზეთ La Repubblica-ს ცნობით, გადადგომის მიზეზი შეიძლება გახდეს იურიდიული კაზუსი, რომელზეც აპელაციის ავტორებმა მიუთითეს. აღმოჩნდა, რომ კენჭისყრის მომენტში მალაგო ფორმალურად არ წარმოადგენდა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის რეგისტრირებულ წევრს, ვინაიდან წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (CONI), რომელიც ქვეყანაში სპორტის ყველა სახეობას კურირებს.

შექმნილ რეალობაში ექსპერტებს მალაგოს გადადგომა გარდაუვალ ფაქტად მიაჩნიათ. მოსალოდნელია, რომ 6-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, სანაკრებო პაუზის დასრულებისთანავე ფედერაციას დროებით სპეციალური კომისარი უხელმძღვანელებს, რომლის ამოცანაც ახალი არჩევნებისთვის ნიადაგის მომზადება იქნება.

ამ მოვლენების ფონზე, სერია A-ს წამყვანმა კლუბებმა ხელმძღვანელობის ცვლილებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ორწლიანი გარდამავალი პერიოდით, ფედერაციის დროებითი ხელმძღვანელის პოსტზე ძირითად პრეტენდენტად ადრიანო გალიანის ასახელებენ. 82 წლის ფუნქციონერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში „მილანსა“ და „მონცაში“ მუშაობდა, ამჟამად სენატორია პარტიიდან „წინ, იტალია“ (Forza Italia) და ქვეყნის სპორტულ წრეებში კოლოსალური ავტორიტეტით სარგებლობს.

მსგავსი