გაკპოს მესამე გოლი მუნდიალზე და ეკვადორის მარცხი - A ჯგუფიდან პლეი-ოფში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
გაკპოს მესამე გოლი მუნდიალზე და ეკვადორის მარცხი - A ჯგუფიდან პლეი-ოფში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 29 ნოემბერს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურის მატჩები დაიწყო. ორი ტურის შემდეგ მხოლოდ სამმა გუნდმა გაინაღდა პლეი-ოფის საგზური (საფრანგეთმა, ბრაზილიამ და პორტუგალიამ), შესაბამისად, თითქმის ყველა მატჩში ინტრიგა შენარჩუნებულია. სათამაშო დღე A ჯგუფის შეხვედრებით დაიწყო – ნიდერლანდების ნაკრები ტურნირის მასპინძელ კატარს დაუპირისპირდა და 2:0 სძლია.

აზიელები წინა ორი შეხვედრიდან ორივეში დამარცხდნენ და ამ მატჩამდე ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, საშინაო კედლებში მუნდიალის უქულოდ დასრულება არ სურდათ, შესაბამისად, მათთვის ეს მატჩი მნიშვნელოვანი იყო.

 

შეხვედრა, რა თქმა უნდა, ვან გაალის გუნდის უპირატესობით დაიწყო – ნიდერლანდები აქტიურად უტევდა. პირველ ტაიმში  ევროპელებმა არაერთი მომენტი შექმნეს და 26-ე წუთზე ტურნირის ერთ-ერთმა აღმოჩენამ, კოდი გაკპომ ანგარიში გახსნა – ეს მიმდინარე მუნდიალზე მისი მესამე გოლია.

ტაიმის დასრულებამდე ნიდერლანდელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში დე იონგმა უპირატესობა ორამდე გაზარდა – კლაასენის ჩაწოდების შემდეგ კარში მემფის დეპაიმ დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ „ბარსელონას“ ნახევარმცველმა დამატებაზე გაიტანა. დარჩენილ წუთებში ანგარიში არ შეცვლილა და ნიდერლანდებმა 3 ქულა მარტივად მოიპოვა.

A ჯგუფის მეორე შეხვედრა უფრო მეტ ინტერესს იწვევდა – ეკვადორის ნაკრები, რომელსაც 4 ქულა ჰქონდა, სენეგალს შეხვდა – აფრიკელებს 3 ქულა ჰქონდათ მოპოვებული და ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ. დაძაბული მატჩი, საბოლოო ჯამში, სენეგალის ნაკრების მოგებით დასრულდა 2:1.

 

პირველი ტაიმი სენეგალმაც აქტიურად დაიწყო და მეტოქეს შექმნილი სახიფათო მომენტებით აშკარად სჯობდა – აფრიკელებმა ეკვადორის კარში ოთხჯერ დაარტყეს. პირველი ნახევრის მიწურულს ისმაილა სარის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც მან თავად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი თანაბრად მიმდინარეობდა და 68-ე წუთზე კაისედომ წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ კულიბალიმ მალევე, 70-ე წუთზე თავისი გუნდი წინ გაიყვანა. კაპიტნის გოლი საბოლოო აღმოჩნდა და სენეგალმა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

საბოლოო ჯამში, ნიდერლანდებმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სენეგალი კი 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მერვედფინალში მათი მეტოქეების ვინაობა დღესვე გაირკვევა – 23:00-ზე ინგლისი უელსს შეხვდება, ამერიკა კი ირანს დაუპირისპირდება.

A ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 20.11.2022 20:00 კატარი-ეკვადორი 0:2
I ტური 21.11.2022 20:00 სენეგალი-ნიდერლანდები 0:2
II ტური 25.11.2022 17:00 კატარი-სენეგალი 1:3
II ტური 25.11.2022 20:00 ნიდერლანდები-ეკვადორი 1:1
III ტური 29.11.2022 19:00 ეკვადორი-სენეგალი 1:2
III ტური 29.11.2022 19:00 ნიდერლანდები-კატარი 2:0

 

A ჯგუფი
1 ნიდერლანდები 3 2 1 0 5-1 7
2 სენეგალი 3 2 0 1 5-4 6
3 ეკვადორი 3 1 1 1 4-3 4
4 კატარი 3 0 0 3 1-7 0