გაირკვა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე
გაირკვა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთის გუნდს შეხვდება, ხოლო მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.

წილისყრა ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართა. ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფში სამი წყვილი შედგა:- საქართველო-ფინეთი, ლუქსემბურგი – ესტონეთი და კვიპროსი – ბელგია.

პირველი მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე ჩატარდება, წყვილების 3 გამარჯვებული კი ევრო 2022-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურის მფლობელი გახდება, სადაც 32 უძლიერესი ქვეყნის ნაკრები ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უნგრეთი და სლოვაკეთი 2022 წლის იანვარში უმასპინძლებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრები კი 2021 წლის იანვარში ეგვიპტეში ჩატარდება და აქ პირველად 32 გუნდი ითამაშებს. ევროპას მსოფლიო ჩემპიონის დანიის ნაკრების გარდა 13 ადგილი აქვს, რომლებიც 2 რაუნდისგან შემდგარ კვალიფიკაციაში გათამაშდება.