გაირკვა „რომას“ ორი ფანის ვინაობა, რომლებიც მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი
გაირკვა „რომას“ ორი ფანის ვინაობა, რომლებიც მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი

იტალიელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს „რომას“ იმ ორი ფანის ვინაობა, რომლებიც თავს დაესხნენ „ლივერპულის“ გულშემატკივარს. როგორც გაზეთი Corriere della Sera წერს, ესენი არიან: 21 წლის ფილიპო ლომბარდი და 29 წლის დანიელ შუშო.

ინციდენტი „ლივერპულსა“ და „რომას“ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დაწყებამდე მოხდა. რომაული კლუბის ფანების ჯგუფი თავს დაესხა ინგლისელებს, რის შედეგადაც, თავის უმძიმესი დაზიანებები მიიღო 53 წლის შონ კოქსმა. იარაღად ქამრის ბალთა იქნა გამოყენებული. ამჟამად კოქსი ხელოვნურ კომაშია და მისი მდგომარეობა შეფასებულია, როგორც კრიტიკული.

ლომბარდი და შუშო წარმოადგენენ ულტრასების დაჯგუფებას, რომელსაც „ფედაინი“ ჰქვია. სოციალურ ქსელში ლომბარდის გამოქვეყნებული აქვს მოწოდება ძალადობისკენ „ფორმიანი ადამიანების“ წინააღმდეგ.

როგორც პოლიციელები ვარაუდობენ, ლომბარდი და შუშო ძირითადი მასისგან მოშორებით მოქმედებდნენ და სტადიონზეც ცალკე შევიდნენ. როგორც ჩანს, მათ ამოცნობაში იტალიელმა პოლიციელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც თან ახლდნენ „რომას“ ულტრასებს ინგლისში.

ამჟამად ლომბარდი და შუშო დაკავებულები არიან და მათ მალე ბრალს წაუყენებენ.