გაირკვა ქართველი ძიუდოსტების მეტოქეების ვინაობა სოფიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
გაირკვა ქართველი ძიუდოსტების მეტოქეების ვინაობა სოფიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მყოფმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, რომლებიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, მეტოქეების ვინაობა გაიგეს. შეჯიბრებაში 11 ქართველი ძიუდოისტი (9 კაცი და 2 ქალი) იჭიდავებს.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 29, 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

60 კგ. ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი მე-2 წრიდან იასპარეზებენ. პაპინაშვილი კვიპროსელი გიორგიოს კოროციდისისა და ფრანგი სედრიკ რევოლის შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ჩხვიმიანი უკრაინელ დილშოტ ხალმატოვსა და იტალიელ ანჯელო პანტანოს წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

 

66 კგ. პირველი წრიდან ვაჟა მარგველაშვილიც თავისუფალია. ქართველი მეორე ეტაპზე კვიპროსელი გეორგიოს ბალარჯიშვილისა და რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუს დაპირისპირებაში გამარჯვებულთან იჭიდავებს.

 

73 კგ. პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი მე-2 რაუნდში ალბანელ ინდრიტ კულაის შეხვდება.

 

81 კგ. ტატო გრიგალაშვილი მე-2 წრეში ფინელ ოსკარი მაკინენს შეხვდება, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) კი ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულაიდის დაუპირისპირდება.

 

100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი მე-2 რაუნდში დანიელი მატიას მადსენისა და გერმანელი კარლ-რიხარდ ფრაის წყვილში გამარჯვებულთან იჭიდავებს, ხოლო ილია სულამანიძე აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვისა და ფრანგი სედრიკ ოლივარის წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

 

+100 კგ. მძიმეწონოსნებში ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად გურამ თუშიშვილი მიიჩნევა. ქართველი მე-2 წრეში გერმანელ ლოსენი კონეს შეხვდება.

 

ქალთა ტურნირში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) მე-2 ეტაპიდან იასპარეზებს. იგი პოლონელი არლეტა პოდოლაკისა და ბრიტანელი ასელია ტოპრაკის ორთაბრძოლაში გამარჯვებულთან იჭიდავებს.

მძიმე წონაში (+78) სოფიო სომხიშვილი ნიდერლანდელ მარიტ კამპსს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ლისაბონში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედლის (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოპოვება შეძლო. შეჯიბრის გამარჯვებული ლაშა ბექაური (81 კგ.) გახდა, რომელმაც ტურნირის ფინალში ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა. ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლნენ, გურამ თუშიშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა.