გაირკვა ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციაში ბოლქვაძისა და გორგოძის მეტოქეები
გაირკვა ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციაში ბოლქვაძისა და გორგოძის მეტოქეები

მელბურნში გაიმართა „დიდი სლემის“ რიგით პირველი ჩემპიონატის – ავსტრალიის ღიას საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა. ცნობილი გახდა მარიამ ბოლქვაძისა (მსოფლიოს 153-ე ჩოგანი) და ეკატერინე გორგოძის (210) პირველი მეტოქეების ვინაობა.

ბოლქვაძე კვალიფიკაციის პირველ წრეში შეხვდება ამერიკელ კაროლინ დოლეჰაიდს, რომელიც რეიტინგის 148-ე ნომერია, კვალიფიკაციაში კი 30-ე ნომრად არის განთესილი. დოლეჰაიდი 21 წლისაა, საუკეთესო პოზიცია WTA-ის კლასიფიკაციაში 2018 წლის ივლისში ჰქონდა – 102-ე ჩოგანი, უთამაშია როლან გაროსის, უიმბლდონისა და აშშ-ის ღიას ძირითად ბადეში, საუკეთესო შედეგი 2018 წელს, პარიზში ჰქონდა – მეორე წრეში გავიდა. შარშან, აშშ-ის ღიას წყვილთა ტურნირში თანამემამულე ვანია კინგთან ერთად ნახევარფინალში გავიდა და დამარცხდა მომავალ ჩემპიონებთან – ალიზ მერტენსთან და არინა საბალენკასთან. კარიერაში მოგებული აქვს ITF-ის ექვსი ტურნირი.

ბოლქვაძესა და დოლეჰაიდს შორის მოგებული მეორე წრეში ბელარუს ოლგა გოვორცოვასა და ავსტრალიელ ები მიერსს შორის მოგებულს შეხვდება.

ეკატერინე გორგოძის პირველი მეტოქეა სლოვენიელი კაია იუვანი, რომელიც 129-ე ნომერია რეიტინგში, კვალიფიკაციაში კი მე-18 ნომრად არის განთესილი. 19 წლის იუვანმა 2017 წელს მოიგო იუნიორებს შორის უიმბლდონის წყვილები, 2018 წელს კი ბუენოს აირესში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა ერთეულებშიც და დუეტებშიც. შარშან ითამაშა როლან გაროსისა და უიმბლდონის (მეორე წრემდე გავიდა) ძირითად ბადეში. კარიერაში მოგებული აქვს ITF-ის შვიდი ტურნირი.

გორგოძესა და იუვანს შორის მოგებული ავსტრალიელ სტორმ სანდერსსა და ამერიკელ რობინ ანდერსონს შორის მოგებულს შეხვდება.

ბოლქვაძე თავის შეხვედრას 14 იანვარს, თბილისის დროით ღამის 3 საათზე დაიწყებს. გორგოძე 15 იანვარს ითამაშებს.

ძირითად ბადეში მოსახვედრად საჭიროა სამი მატჩის მოგება.