გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს - „ნაპოლის“ პორტუგალიელ მცველს კვარაცხელიას იმედი აქვს #1TVSPORT
გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს - „ნაპოლის“ პორტუგალიელ მცველს კვარაცხელიას იმედი აქვს #1TVSPORT

„ნაპოლისა“ და პორტუგალიის ნაკრების მცველმა მარიო რუიმ რადიო „ნაპოლისთან“ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ახალწვეულებზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„კვარაცხელია? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. როგორც ყველა ახალწვეულს, ადაპტაციისთვის დრო მასაც დასჭირდება, მაგრამ ვარჯიშზე უბრალო პასის და დრიბლინგის დროსაც კი ჩანს, რომ ძალიან კარგი მოთამაშეა. ის ძალიან დაგვეხმარება და გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს“, – ამბობს მარიო რუი.

მარიო რუი პორტუგალიელი ფეხბურთელია. „ნაპოლის“ მცველმა ეროვნულ ნაკრებში 11 თამაში ჩაატარა, იტალიაში 2011 წლიდან თამაშობს, „ნაპოლიში“ კი 2017 წელს „რომადან“ გადავიდა.

აქვე ვიტყვით, რომ „ნაპოლი“ უახლოეს ამხანაგურ მატჩს კასტელ დი სანგროში დღეს, 27 ივლისს გამართავს და თურქულ „ადანა დემირსფორს“ შეხვდება. ამ გუნდს ვინჩენცო მონტელა წვრთნის, ცენტრფორვარდი მარიო ბალოტელია, ახლახანს კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი ჩაირიცხა.