გაგუამ ხორვატიის ლიგის ლიდერს გაუტანა - „ისტრამ“ „რიეკა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გაგუამ ხორვატიის ჩემპიონატში გაიბრწყინა და „ისტრა 1961“-ს ლიდერ „რიეკასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 1:0.
23 წლის ქართველი თავდამსხმელი 21-ე ტურის დაპირისპირებაში „ისტრას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 69 წუთი ითამაშა, გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ამ მატჩამდე „რიეკა“ ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერი იყო, „ისტრასთან“ წაგების შემდეგ კი პირველი ადგილი „ჰაიდუკს“ დაუთმო. გაგუამ გოლი 38-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ გაიტანა და ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება, 8.4 ქულა მიიღო.
„ისტრა“ 23 ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა, გაგუამ კი მიმდინარე სეზონში მესამე გოლი მიითვალა.