გაგუამ ხორვატიაში გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - ცხადაძის გუნდს ვერ აჩერებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის ჩემპიონატში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი გაგუამ – როგორც ჩანს, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი „ისტრას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს – მან „ოსიეკთან“ გასვლითი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
59-ე წუთზე „ისტრამ“ შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარის წინ გაიხსნა და ერთი შეხებით გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მართალია, მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულა მოიპოვა, მაგრამ 8,1 შეფასებით გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მიმდინარე სეზონში გაგუას ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ირაკლი ეგოიანი უჩვეულოდ შედეგიანი შეხვედრის მონაწილე გახდა – ნიდერლანდების პირველ დივიზიონში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველის „ვიტესი“ „ეინდჰოვენის“ ახალგაზრდულ გუნდს ესტუმრა და 4:6 დამარცხდა. ეგოიანს ამჯერად შედეგიანი ქმედებით (გოლი ან საგოლე გადაცემა) თავი არ გამოუჩენია.
კახა ცხადაძის „გაბალა“ კი აზერბაიჯანში კვლავ დაუმარცხებელია. ქართველის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ლიგაში ამჯერად „ლოკბატანი“ 3:0 დაამარცხეს – „გაბალას“ 10 ტურის შემდეგ გოლი არ გაუშვია, 26 ქულით პირველ ადგილზეა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია.