„გაგრას“ თავდამსხმელი - მოსაგები თამაშები თუ მოვიგეთ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს #1TVSPORT
„გაგრას“ თავდამსხმელი - მოსაგები თამაშები თუ მოვიგეთ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს #1TVSPORT

თამაზ მაქაცარია „გაგრას“ 2020 წლიდან შეუერთდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. გასულ სეზონში ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კლუბს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. რის შემდეგაც მიწვევა მიიღო გორის „დილასგან“. ამჟამად, თამაზი „გაგრას“ ფეხბურთელია და ისაუბრა, როგორი გუნდი დახვდა და განსხვავდება თუ არა იმისგან, რაც დატოვა.

„4 დღეა, რაც „გაგრაში“ ვვარჯიშობ. დავინახე გუნდის სულისკვეთება, რითიც „გაგრა“ ყოველთვის გამოირჩეოდა. დავინახე თბილი ურთიერთობები, რაც ოჯახურ გარემოს ჰგავს. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ერთობა და ძლიერი სულისკვეთება ბრძოლის უნარს გაგვიღვიძებს, რაც საბოლოო ჯამში, მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მიზანი კი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა“, – ამბობს თამაზ მაქაცარია.

27 წლის თავდამსხმელის თქმით, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „ლოკომოტივის“ დამარცხება იქნება საჭირო, რომელსაც „გაგრა“ დღეს, 14 აგვისტოს ეთამაშება.

„საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, ბრძოლისუნარიანი გუნდი ვიქნებით. უბრალოდ, შეთამაშება გვჭირდება. რაც შეეხება „ლოკომოტივს“ – საკმაოდ კარგი თაობა ეზრდება. ძალიან მოტივირებული იქნება, არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად. მას დასაკარგი არაფერი აქვს და ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯება. ჩვენ სრული კონცენტრაცია გვმართებს, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ეს 3 ქულა ძალიან გვჭირდება. ასე ვიტყოდი, – მოსაგები თამაშები თუ მოვიგეთ, ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს“.