„გაგრას“ პრეზიდენტი - ძლიერ ფინანსურ ჯგუფთან ერთად სერიოზული პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ #1TVSPORT
„გაგრას“ პრეზიდენტი - ძლიერ ფინანსურ ჯგუფთან ერთად სერიოზული პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ #1TVSPORT

„გაგრას“ პრეზიდენტმა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა ბესიკ ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მალე ფინანსურად კლუბი წელში გაიმართება.

„ბოლო დროს წარუმატებლად ვთამაშობდით, რისი მთავარი მიზეზიც ფინანსური არასტაბილურობა გახდა. ეს იქიდან გამომდინარეობდა, რომ მე კიევში ვცხოვრობ და ბიზნესი იქ მაქვს. მანამდე ორი წელი კოვიდთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იმოქმედა. ახლა კი კიევში ჩვენი ლოჯისტიკის ცენტრი რუსეთის აგრესიის ცენტრში მოექცა, რამდენიმე რაკეტა მოხვდა და დაიწვა.

ამან  ბიზნესში პრობლემები შეგვიქმნა. ფინანსური ჩავარდნის შემდეგ გუნდის მიხედვა რთული იყო. მაგრამ ბიჭების მადლობელი ვარ, იბრძოლეს და მაქსიმუმს აკეთებდნენ. ჩვენ კი მოვიძიეთ საშუალება, რომ დავალიანება დავფაროთ.

სხვათა შორის, ძალიან სერიოზული გეგმა გვაქვს – გუშინ ძლიერ ფინანსურ ჯგუფს შეხვდი და „გაგრაში“ სერიოზული პროგრამის განხორციელებას ვაპირებთ – „გაგრა“ უნდა გახდეს არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ იმის იდეაც, რომ გაგრა ჩვენია. იმათმაც უნდა ნახონ, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარი არ გვითქვამს.

ეს არ იქნება გავარდნის ზონაში მყოფი გუნდი – ცოტა მეტი გვინდა. აქამდე მარტო მე ვიყავი დამფინანსებელი. ახლა ვითარება შეიცვლება, ჯერ ფინანსურ სტაბილურობას მივაღწევთ. პროგრამის პრეზენტაცია მალე შედგება.

ბაქოს „ნეფთჩის“ შეეძლო, აზერბაიჯანში სულ ჩემპიონი ყოფილიყო, მაგრამ იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ყველაფერი იმისკენ იყო მომართული, რომ პირველ რიგში „ყარაბაღი“ ყოფილიყო. იმედია, პროგრამაში, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, მხარდაჭერას მივიღებთ.

„გაგრა“ იდეაში სუფთა გუნდი უნდა იყოს და სულ უნდა ლიდერებში ხვდებოდეს. ჩემი ოცნებაა, რომ ვოვა გუცაევი და „ტაიმაუტი“ ერთად  ჩამოხვიდეთ გაგრაში და გადაცემა იქ მოამზადოთ“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ბესიკ ჩიხრაძემ.