„გაგრას“ მწვრთნელმა „ჩიხურასთან“ მოგება შეაფასა - ცუდი მოედნისთვისაც მზად ვიყავით #1TVSPORT
„გაგრას“ მწვრთნელმა „ჩიხურასთან“ მოგება შეაფასა - ცუდი მოედნისთვისაც მზად ვიყავით #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ტურის მოგებაზე კომენტარი გააკეთა – პირველ ტურში მარტვილის „მერანის“ დამარცხების (3:0) შემდეგ, გაგა კირკიტაძის გუნდი ივანწმინდაში საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა – 0:4.

„თამაშისთვის ყოველმხრივ მოვემზადეთ. ამინდმა მინდვრის ხარისხს თავისი დაღი დაასვა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით. ჩვენ გვქონდა თამაშის წარმოების საკუთარი გეგმა და მივყევით მას. როცა ტაიმის მიწურულს ანგარიში გავხსენით, შეხვედრის მართვა უფრო გაგვიადვილდა. მეორე ტაიმი უფრო დამაჯერებლად ჩავატარეთ და ლოგიკური გამარჯვებაც მოვიპოვეთ,“ – ამბობს „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი.

მესამე ტურის მატჩს, რომელიც 15 მარტს გაიმართება, „გაგრა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს. კირკიტაძემ ამის შესახებაც ილაპარაკა:

„რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, რაც თავი მახსოვს, „ვიტ ჯორჯია“ ყოველთვის მებრძოლი და შრომისმოყვარე გუნდი იყო. იოლი თამაში არ იქნება. ჩვენ შევეცდებით გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

შეგახსენებთ, რომ „გაგრა“ საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულია და ზაფხულში უეფას ახალ ტურნირზე, კონფერენციათა ლიგაზე ითამაშებს. გუნდი ეროვნული ლიგა2-ის გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო გუნდის თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია ოთხი გოლით ბომბარდირთა სიას მოექცა სათავეში.

დატოვე კომენტარი