„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი - არ მინდა, ხალხს ტყუილი მოლოდინები გავუჩინოთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ #1TVSPORT
„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი - არ მინდა, ხალხს ტყუილი მოლოდინები გავუჩინოთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მონტენეგროს „სუტიესკასთან“ მატჩამდე „მიხეილ მესხზე“ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრისთვის გუნდის მზადებასა და შანსებზე ილაპარაკა:

„მე არ ვყოფილვარ გაგრაში, მაგრამ ვიცი, ეს რა არის საქართველოსთვის და ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ამ ქალაქის გუნდს წარმოვადგენ. ჩვენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და თამაშისთვის ემზადება. ერთადერთი მუმლაძეა, ვინც ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება.

ჩვენ ვნახეთ, როგორი გუნდია მეტოქე, დავინახეთ „სუტიესკას“ დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ერთია, როდესაც თეორიულად ხედავ ნაკლს და მეორეა, როდესაც მას გამოიყენებ. „სუტიესკა“დაბალანსებული გუნდია, გამოცდილებიც ჰყავთ და ნიჭიერი ახალგაზრდებიც, მათი ერთ-ერთი პლუსი კი კარგი ფიზიკური მომზადებაა. რა არის ჩვენი პლუს? ამაზე ლაპარაკს მოვერიდები. იმედია, ეს ხვალ გამოჩნდება.

პროცენტულად არ იქნება სწორი შანსების შეფასება. მე რეალისტი ვარ და ფაქტებით საუბარი მირჩევნია. ამიტომ, ამაზე საუბარს მოვერიდები, მაგრამ შევეცდებით, რომ გავიდეთ მოედანზე შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლება მოვიპოვოთ.

მოვიხსენით თუ არა სტრესი? ასეთ მატჩებს სტრესი სულ ახლავს. მონტენეგროში ორი კარგი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ასეთ თამაშებში ეს შედეგზე გავლენას ახდენს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრს ჩვენს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია და გამოუცდელობის პრობლემაც იყო.

არ მინდა, რომ ხალხს ტყუილი მოლოდინები გავუჩინოთ, მაგრამ ერთი ვიცი – მოედანზე იმისთვის გავალთ, რომ მოვიგოთ. მოედანზე გულანთებულები გამოვალთ, რადგან საქართველოს წარმოვადგენთ და ეს გათავისებული გვაქვს. ისიც ვიცით, რომ აფხაზეთიდან დევნილი ბევრი ადამიანი მოდის და მათი დიდი თანადგომის იმედი მაქვს“.

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ლიგა 2-ის წარმომადგენელი „გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკასთან“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

განმეორებითი მატჩი 15 ივლისს თბილისში გაიმართება. „გაგრა“ „სუტიესკას“ „მიხეილ მესხი არენაზე“ მიიღებს – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102,3).