„გაგრას“ მეკარეებს მიხეილ ალავიძე გაწვრთნის #1TVSPORT
„გაგრას“ მეკარეებს მიხეილ ალავიძე გაწვრთნის #1TVSPORT

მიხეილ ალავიძე საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მეკარეების მწვრთნელი იქნება, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ალავიძეს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. თამაშობდა „თბილისში“, რუსთავის „ოლიმპში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „ანდიჟონში“, „შორთან გუზონში“, სუმგაითის „სტანდარტში“. 2018-2022 წლებში კი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა და გუნდთან ერთად 2022 წელს საქართველოს ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. გამოძახებული იყო საქართველოს ნაკრებში.

კარიერის დასრულების შემდეგ გამოცდილ მეკარეს ბათუმის „დინამომ“ თანამშრომლობა შესთავაზა და ბოლო ექვსი თვის მანძილზე კლუბის საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, მაგრამ „გაგრას“ შეთავაზების შემდეგ პროფესიულ ფეხბურთში დაბრუნება ამჯობინა.

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი იმედოვნებს, რომ ალავიძეს, როგორც წარმატებულ ფეხბურთელს, ასეთივე სამწვრთნელო კარიერა ექნება.

„მიხეილ ალავიძე პროფესიონალია. მას წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და დიდი გამოცდილება აქვს. გვსურს, რომ თავისი გამოცდილება ჩვენს მეკარეებს გაუზიაროს და ვფიქრობთ, ამას წარმატებით განახორციელებს“, – ამბობს გიორგი ონიანი.