„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო - ვაწაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT
„გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო - ვაწაძემ დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „გაგრას“ გამარჯვებით დასრულდა მე-3 ტურის ბოლო მატჩი, რომელიც სტადიონ „მიხეილ მესხი 2-ზე“ გაიმართა. „გაგრა“ თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 2:0 მოიგო.

შეხვედრის გმირი „გაგრას“ თავდამსხმელი, მათე ვაწაძე გახდა, რომელმაც შეხვედრის ბედი პირველ 45 წუთში გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მე-8 წუთზე ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.

26-ე წუთზე გამოცდილმა თავდამსხმელმა ვასილ ხოსიტაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ მცველს დაასწრო, დუბლი შეასრულა და „გაგრას“ უპირატესობა ზუსტი თავური დარტყმით გაზარდა 2:0.

მეორე ტაიმში „ლოკომოტივის“ მცდელობები, ანგარიში შეეცვალა, უშედეგო გამოდგა. უფრო მწვავედ და საინტერესოდ „გაგრა“ უტევდა და გაგა კირკიტაძის გუნდის მოთამაშეებს სიზუსტე რომ გამოეჩინათ, დიდი ანგარიშით გაიმარჯვებდნენ. საბოლოოდ, „გაგრამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ლიდერთა ჯგუფში დაწინაურდა.

მე-4 ტურის მატჩები 13, 14 და 15 მარტს გაიმართება. ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება – მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ თასის მფლობელს, „საბურთალოს“ 13 მარტს უმასპინძლებს, ხოლო „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ 14 მარტს მიიღებს.

ელიგის სატურნირო ცხრილი

გუნდი
1. დინამო ბთ 3 6
2. თელავი 2 6
3. დინამო თბ 3 6
4. გაგრა 3 6
5. საბურთალო 3 6
6. დილა 3 6
7. სამგურალი 2 3
8. ტორპედო 3 3
9. ლოკომოტივი 3 0
10. სიონი 3 0