„გაგრამ“ ბოლო წამამდე იბრძოლა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე „სუტიესკა“ გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „გაგრამ“ „სუტიესკას“ უმასპინძლა, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ გათამაშებას გამოეთიშა.

0:1 მარცხის შემდეგ საქართველოს თასის მფლობელი და მეორე ქართული ლიგის მონაწილე „გაგრა“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გაგა კირკიტაძის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდა და პირველი ნახევარი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 51-ე წუთზე, დარკო ნიკაჩის გადაცემის შემდეგ მცველებს ნიკოლა იანიჩი გაცდა და ახლოდან ზუსტად დაარტყა – 0:1. „გაგრა“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და 86-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ ულამაზესი გოლით გუნდს იმედი დაუბრუნა.

მაგრამ საბოლოოდ, „გაგრამ“ მატჩი 1:1 დაასრულა, მიზანს ვერ მიაღწია და ორი მატჩის ჯამში (0:1, 1:1) დამარცხდა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სუტიესკა“ გავიდა, სადაც „თელ-ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდება.