„გაგრა“ მეორე წრის გამარჯვებულია - „მერანს“ მეტრეველის ჰეთ-თრიქმა ქულაც ვერ მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრა“ მეორე წრის გამარჯვებულია - „მერანს“ მეტრეველის ჰეთ-თრიქმა ქულაც ვერ მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-18 ტურის მატჩები გაიმართა და ამით მეორე წრე დასრულდა, რომლის მსვლელობის დროსაც ლიდერი შეიცვალა – პირველ ადგილზე კონფერენც ლიგაზე გასული საქართველოს თასის მფლობელი „გაგრაა“.

ტური 18

რუსთავი – შევარდენი 1906 (0:0)

ჩიხურა – მერანი მრ (1:2)

მიუხედავად იმისა, რომ „ჩიხურა“ რამდენიმე ტურია, სერიოზული პრობლემების გამო ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, „მერანს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მე-7 წუთზე ავთო ცარციძის თავური დარტყმით დაწინაურდა – 1:0. ივანწმინდაში გამართულ შეხვედრაში მარტვილელებს პირველივე ნახევარში შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვაკო გოგოლიძემ შეასრულა და საჩხერელთა კიპერს, ავთო კაპანაძეს ვერ აჯობა.

თუმცა, „მერანმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მაინც მოიგო. ჭყონდიდელებს სიხარული ზვიად სიხარულიას დუბლმა მოუტანა. მან მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 9 წუთში დუბლი გაიფორმა და გუნდს გამარჯვება მოუტანა – 1:2. „მერანმა“ მეორე წრე გამარჯვებით, 33 ქულით და მესამე ადგილზე დაასრულა. ცოტნე მონიავას გაწვრთნილები 8 მატჩია ეროვნულ ლიგა 2-ში წაუგებლად ასპარეზობენ.

ვიტ ჯორჯია – დინამო ზგ (1:2)

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრა ზუგდიდის „დინამოს“გამარჯვებით დასრულდა. სტუმრები მე-40-ე წუთზე გიორგი ჭანუყვაძემ დააწინაურა. 48-ე წუთზე თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ მოთამაშე შოთა ავლოხაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 54-ე წუთზე ლუკა გუგუჩიამ პენალტით ზუგდიდელები ისევ დააწინაურა. ათ წუთში მთავარმა არბიტრმა პენალტი უკვე „დინამოს“ კარში დანიშნა, მაგრამ „ვიტ ჯორჯიას“ თავდამსხმელის, თორნიკე მუზაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ვახტანგ ჯომიდავამ მოიგერია და ზუგდიდის „დინამომ“ 3 ქულა ჩაიწერა.

მერანი თბ – სიონი (3:5)

სპაერის სტადიონზე გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „სიონმა“ შეხვედრის პირველი ნახევარი 2:3 მოიგო, საბოლოოდ კი 3:5 გაიმარჯვა. ბოლნისელებიდან დათა სიჭინავამ (21, 45+1) დუბლი შეასრულა, 1-1 გოლი გიორგი კორიფაძის (12. პენ), თომა ტაბატაძის (51) და ბიძინა მახარობლიძის ანგარიშზეა (90+5), „მერანიდან“ კი სამივე გოლი ზვიად მეტრეველმა (4, 44, 70) გაიტანა.

გაგრა – გარეჯი (3:0)

შეხვედრა თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე გაიმართა და „გაგრას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გოლები ლუკა კიკაბიძემ (46), თამაზ მაქაცარიამ (84) და გუნდის ახალწვეულმა გიორგი გვიშიანმა (90+5) გაიტანეს. აღსანიშავია, რომ გუნდის კაპიტანმა, ვასილ ხოსიტაშვილმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მაქაცარიამ გოლს საგოლე პასი დაუმატა. გაგა კირკიტაძის გუნდმა მეორე წრეში 9-დან 7 მატჩი მოიგო, 1-1 ფრედ დაასრულა და წააგო. საბოლოდ, გუნდმა, „სიონს“ გადაასწრო და გათამაშების ლიდერია.


ეროვნული ლიგა 2

1. გაგრა 18 42

2. სიონი 18 40

3. მერანი მრ 18 33

4. გარეჯი 18 26

5. მერანი თბ 18 24

6. ჯორჯია 18 22

7. დინამო ზგ 18 22

8. შევარდენი 18 22

9. რუსთავი 18 16

10. ჩიხურა 18 5