„გაგრა“ ახალ პროექტებს აანონსებს
„გაგრა“ ახალ პროექტებს აანონსებს

„გაგრას“ სპორტულმა დირექტორმა გიორგი შანიძემ გუნდის სამოქმედო გეგმებზე ილაპარაკა – გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის კლუბი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს, რაც „გაგრას“ წინსვლას ხელს შეუწყობს.

„უახლოეს მომავალში, „გაგრას“ დიდი ცვლილებები ელოდება. გვსურს, კლუბი კიდევ უფრო განვავითაროთ, იმ დონეზე მაინც, რომ ადგილი ეროვნულ ლიგაში დავიმკვიდროთ. მივხედავთ ასაკობრივ გუნდებსაც. ვამუშავებთ პროექტებს იმისთვის, რომ ფეხბურთელებს მეტი ასპარეზი მივცეთ. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი „გაგრადან“ წავიდა. ამ კუთხით მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ“, – ამბობს შანიძე.

„გაგრას“ სპორტული დირექტორის თქმით, გუნდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც აპირებს –

„ამ მიმართულებით გვაქვს პროექტები და მზადყოფნა, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. გუნდის აკადემიისთვის მინიმუმ ერთ მოედანს მაინც გავაკეთებთ. რაც შეეხება სრულფასოვან საწვრთნელ ბაზას, გვაქვს რამდენიმე პროექტი და შევეცდებით წარმატებით განვახორციელოთ“.