გაგნიძის ტრანსფერი ორივე „დინამომ“ დაადასტურა - თბილისელებს 18 წლის ნახევარმცველის დროებით დატოვება სურთ #1TVSPORT
გაგნიძის ტრანსფერი ორივე „დინამომ“ დაადასტურა - თბილისელებს 18 წლის ნახევარმცველის დროებით დატოვება სურთ #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად – გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ორ „დინამოს“ შორის 18 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით თბილისურ კლუბში სეზონის დამთავრებამდე დარჩენაზე მოლაპარაკება მიმდინარეობას.

„დინამო თბილისმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშე გახდა, – ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ორ „დინამოს“ შორის 18 წლის ფეხბურთელის იჯარის წესით თბილისურ კლუბში სეზონის ჩამთავრებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობას. დეტალები უახლოეს დღეებში გაირკვევა“, – წერია „დინამო თბილისის“ განცხადებაში.

ინფორმაცია მოსკოვის „დინამოს” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა, ხოლო 18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რუსეთის ჩემპიონატი მაღალი დონისაა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა მსურს. შესაძლოა, თბილისის „დინამოში“ ბოლომდე არ ამომიწურავს საკუთარი თავი, მაგრამ როდესაც ჩემს ასაკში მოსკოვის „დინამო“ სერიოზულად დაინტერესდა და აქ გადმოსვლის საშუალება გამიჩნდა, ვფიქრობ, ეს ჩემს სწრაფ წინსვლას ხელს შეუწყობს. როდესაც წინადადება მივიღე, ისე მოვიქეცი, როგორც ნებისმიერი ჩემი თანატოლი – კლუბზე ინფორმაციები მოვიპოვე და დავრწმუნდი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, რათა მომავალში უკეთეს დონეზე ვითამაშო. მოსკოვის „დინამოში“ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათ სამწვრთნელო შტაბი თავის გამოჩენის შანსს თამამად აძლევს. იმედია, შანსი მეც მომეცემა და მონდომებით ვიმუშავებ, ეს შანსი რომ მივიღო და გამოვიყენო“, – ამბობს ლუკა გაგნიძე.

აქამდე ეს ცნობები მხოლოდ არაოფიციალურად და მედიაში ვრცელდებოდა. ოფიციალური განცხადება ტრანსფერზე არც თბილისურ და არც მოსკოვურ „დინამოს“ არ გაუკეთებია.

რუსული „ჩემპიონატის“ ცნობით, რუსეთის პრემიელიგის კლუბი „დინამო თბილისის“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მას იჯარით რუსეთის პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვებდა.

გაგნიძე საქართველოში დაბრუნდა, „დინამო თბილისში“ ვარჯიშობს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ითამაშა და იმედია, კლუბს ბაქოს „ნეფთჩისთან“ დაეხმარება. თუმცა, ის ჯერ არ არის განაცხადში, რომელიც „დინამო თბილისმა“ უეფა-ში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე აზერბაიჯანულ „ნეფთჩისთან” მატჩითვის გააგზავნა.