გაგნიძე „ურალში“ გადავიდა - ლუკა შეცდომით რუსეთის მოქალაქედ გამოაცხადეს #1TVSPORT
გაგნიძე „ურალში“ გადავიდა - ლუკა შეცდომით რუსეთის მოქალაქედ გამოაცხადეს #1TVSPORT

მოსკოვის „დინამოში“ გადასული ლუკა გაგნიძე იჯარით რუსეთის პრემიერლიგის ეკატერინბურგის „ურალში“ გაანათხოვრეს, – ინფორმცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა და ქართველი ნახევარმცველი წარადგინა.

„ჩვენი მთავარი გუნდის შემადგენლობას ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე შეუერთდა. „ურალმა“ ფეხბურთელი მოსკოვის „დინამოდან“ იჯარით დაიმატა. ლუკა დაიბადა ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ქუთაისში. 13 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ სტრუქტურაში აღმოჩნდა. ოთხი წლის შემდეგ გაგნიძემ პირველი მატჩი ჩაატარა თბილისის მთავარ გუნდში. თავის პირველ სეზონში პროფესიონალურ ფეხბურთში ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში, „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში 18 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ურალის“ ახალწვეული ასევე თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში და ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო მიწვეული. ლუკა უკვე ეკატერინბურგში იმყოფება. ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავდაჯერებულ თამაშს და რუსეთის პრემიერლიგაში ადრეულ დებიუტს ვუსურვებთ“, – წერია ეკატერინბურგის „ურალის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 5 ივლისს ლუკა გაგნიძემ მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლუკას დახმარება „დინამო თბილისს“ ევროსარბიელზე სურდა, მაგრამ მოსკოველებმა 18 წლის ფეხბურთელის გაშვება „ურალში“ ამჯობინეს.

გაგნიძის წარდგენისას „ურალის“ გვერდზე ქართველი ფეხბურთელის მოქალაქეობის გრაფაში წერია – „რუსეთი“. ცხადია, ეს შეცდომაა – ლუკა საქართველოს მოქალაქეა.

დატოვე კომენტარი