გაგნიძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს #1TVSPORT
გაგნიძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს #1TVSPORT

19 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე, რომელიც ეკატერინბურგის „ურალიდან“ წამოვიდა, კარიერას პოლონურ „რაკუვში“ გააგრძელებს.

ინფორმაციას, რომელიც „ჯეო თიმმა“ გაავრცელა, ჯერ ოფიციალურად არც ჩენსტოხოვას კლუბი ადასტურებს და არც სამენეჯერო კომპანია „ბენე სპორტი“, რომლის დამფუძნებელმა, ირაკლი ლილუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, მაგრამ ინფორმაცია არ უარყო.

ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია. რუსეთში 2021 წლის 5 ივლისს გადავიდა და მოსკოვის „დინამოსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იჯარით ეკატერინბურგის „ურალში“ სეზონის ბოლომდე გადავიდა.

ლუკას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. 2022 წლის 10 მარტს გაგნიძეს „ურალთან“ კონტრაქტი შეუჩერდა (2022 წლის 30 ივნისამდე) და ფიფა-ს სპეციალური წესების შესაბამისად ახალი კლუბი აირჩია.