გაგი მარგველაშვილი - „მეზოკოვეშდის“ მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს
გაგი მარგველაშვილი - „მეზოკოვეშდის“ მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს

საბურთალომ” ევროპაში კიდევ ერთი აღზრდილი გაუშვა – გუნდის ყველაზე სტაჟიანმა მოთამაშემ, კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა კონტრაქტს ხელი უნგრულ „მეზოკოვეშდთან” მოაწერა.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგ გარემოსა და პირობებში მოვხვდი. რამდენიმე დღეა უნგრეთში ვიმყოფები, სამედიცინო შემოწმება გავიარე და გუნდს ნელ-ნელა ვეჩვევი. კლუბთან 6 თვეს +2 წელი ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. ახლა შეკრებაზე ვართ. ორ დღეში ამხანაგური მატჩი გვაქვს, ალბათ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა. კლუბის წევრი მე რომ ვარ, ლაშა ოდილაძის დიდი დამსახურებაა, რომელსაც მადლობას გადავუხდი“, – ამბობს გაგი მარგველაშვილი.

მისი თქმით, „მეზოკოვეშდის“ მწვრთნელი ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს: „შევხვდი კლუბის პრეზიდენტს, მთავარ მწვრთნელს, რომელიც ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მის ხელში სხვადასხვა დროს 16 ფეხბურთელს უთამაშია. ყველაფერი ახლა ჩემზეა დამოკიდებული – კარგად უნდა წარმოვაჩინო თავი, მომავალში თანამშრომლობა რომ გაგრძელდეს“.

უნგრეთში გუნდში მისი ყოფილი თანაგუნდელი ლუკა ლაკვეხელიანი, ასევე ყოფილი დინამოელი ნოდარ ქავთარაძე და სხვა ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ. 24 წლის მცველმა უნგრეთში მოთამაშე ქართველებზეც ილაპარაკა: „ჯერჯერობით მათ არ შევხვედრილვართ, თუმცა ლაშა დვალმა და ბუდუ ზივზივაძემ დამირეკეს, ახალ გუნდში ჩარიცხვა მომილოცეს და წარმატებები მისურვეს“.

მან „საბურთალოს“ წარმატებები უსურვა: „უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგაც, „საბურთალო” სულ ლიდერებშია, რადგან ერთსულოვანი გუნდია. პატარა ამბავი არ იყო, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ჯერ ჩემპიონობა მოიგო, 2019 წელს თასის მოპოვება შეძლო, 2010 წელს კი სუპერთასსაც დაეუფლა. ეს დრო ჩემს კარიერაში გამორჩეული იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება“.