გაგი მარგველაშვილი კალიფორნიაში ითამაშებს - „დინამო თბილისის“ ყოფილმა მცველმა კონტრაქტი ამერიკის მეორელიგელთან გააფორმა #1TVSPORT
გაგი მარგველაშვილი კალიფორნიაში ითამაშებს - „დინამო თბილისის“ ყოფილმა მცველმა კონტრაქტი ამერიკის მეორელიგელთან გააფორმა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი გაგი მარგველაშვილი კარიერას ამერიკური USL-ის (აშშ-ის ჩემპიონატის მეორე ლიგა) „ოკლენდ რუთსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

„USL-ის ჩემპიონატის დაწყებამდე „ოკლენდ რუთსმა“ ქართველ ცენტრალურ მცველთან, გაგი მარგველაშვილთან კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის ფეხბურთელი საქართველოს უმაღლესი დივიზიონის ჩემპიონი იყო „საბურთალოს“, ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ შემადგენლობაში. გარდა ამისა, 2021–2022 წლების სეზონში მარგველაშვილმა „შკუპთან“ ერთად ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ტრანსფერზე კომენტარი „ოკლენდ რუთსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნოა დელგადომაც გააკეთა: „გაგი ის ადამიანია, რომელიც შორეულ ქვეყანაში შევნიშნეთ და მის ნახვას მოუთმენლად ველოდებით. ის მონაწილეობდა ევროტურნირებზე. ჩვენ მზად ვართ, გუნდში მოვიყვანოთ ფეხბურთელები, რომლებსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ“.

მარგველაშვილმა კარიერის უმეტესი ნაწილი თბილისის „საბურთალოში“ გაატარა, შემდეგ კი ბათუმის „დინამოში“, ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპში“ და ბოლოს „დინამო თბილისში“ ითამაშა. 27 წლის მცველს საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია, უთამაშია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.