გაგამარუ - ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ახალ ნაბიჯებს ვდგამ
გაგამარუ - ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ახალ ნაბიჯებს ვდგამ

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა სუმოდან წასვლა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა. თუ რა იყო ამის მიზეზი, გაგამარუმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტთან ექკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

„მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის. შარშან ნოემბერში, ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე ტრავმა მივიღე, ორივე მუხლზე დიდი პრობლემები შემექმნა და ამის შემდეგ ვეღარ მოვახერხე დოჰიოზე დაბრუნება. ბევრ პროფესიონალ ექიმთან მივედი, მაგრამ ყველა ერთ აზრზე იყო. ვცადე, რომ ოპერაციაც გამეკეთებინა, მაგრამ რადგან ორივე მუხლზე მქონდა ტრავმა ყველა მეუბნებოდა, რომ სპორტში დაბრუნება იქნებოდა ძალიან რთული. შესაბამისად ამან მიმიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვეულ ფორმას ვერ დავუბრუნდებოდი და აქ თუ ფორმაში არ ხარ, რთულია დიდხანს გაჩერება“.

გაგამარუმ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი:

„შედარებით უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნება. მთელი ცხოვრება მივუძღვენი სპორტს, 6 წლიდან სპორტში ვარ, თავიდან ვიყავი ძიუდოში და მერე გადმოვედი სუმოში. არ ვიცი რას ვაპირებ და არაფერი მაქვს დაგეგმილი, ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ახალ ნაბიჯებს ვდგამ“.

მან მადლობა გადაუხადა იაპონელ და ქართველ გულშემატკივრებს და საქართველოში ჩამოსვლაზეც ისაუბრა:

„მადლობა მინდა გადავუხადო იაპონელ გულშემატკივარს და ორმაგად მინდა მადლობა გადავუხადო ქართველებს, არანაკლებად ვუყვარვარ მათ და ეს მე ყოველთვის მამხნევებდა, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში. საქართველოში ხშირად ჩამოვალ და ისევ დავბრუნდები ხოლმე იაპონიაში. როცა ვფიქრობ მანდ ჩამოსვლაზე ცოტა გული მწყდება იაპონიაზე და როცა ვფიქრობ აქ დარჩენაზე, ესეც გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და მოვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას“.