გაგა კირკიტაძე - „სუტიესკა“ უკეთესი გუნდია, მაგრამ ამ ბარიერის დაძლევა შესაძლებელია #1TVSPORT
გაგა კირკიტაძე - „სუტიესკა“ უკეთესი გუნდია, მაგრამ ამ ბარიერის დაძლევა შესაძლებელია #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ კონფეერენციათა ლიგისთვის კლუბის მზადებაზე ილაპარაკა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი მონტენეგროს ვიცეჩემპიონს, „სუტიესკას“ 8 (გასვლაზე) და 15 ივლისს (თბილისში) შეხვდება.

„შეხსენება არ გვჭირდება, თუ რა დატვირთვა აქვს „გაგრასთვის“ ევროტურნირების მატჩებს. შეგნებული გვაქვს, რომ წმინდა საფეხბურთო პერიპეტიების გარდა, ჩვენ საერთაშორისო სარბიელზე აფხაზეთს წარმოვადგენთ, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და მისი სიყვარულისთვის ამ მატჩებში მაქსიმალურად დავიხარჯებით“, – ამბობს კირკიტაძე.

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში ახალწვეულები ჰყავთ:

 „გუნდი ევროსარბიელზე გასვლამდე, გაძლიერებას გეგმავს და ორი ქართველი მოთამაშის გარდა, ორი ლეგიონერიც ჩამოიყვანა. ჩვენ დავიმატეთ მარცხენა მცველი გაზდელიანი „სამგურალიდან“ და შემტევი გვიშიანი „დინამოდან“. ამჟამად, ვაკვირდებით ორ უკრაინელ ფეხბურთელს, ფლანგის ვინგერსა და ფორვარდს. თუ ისინი ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შეიძლება გუნდის რიგებშიც ვიხილოთ“.

კირკიტაძემ ისაუბრა, გუნდი ამ თამაშებისთვის როგორ ემზადება:

„ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ამჟამად „გაგრა“ ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია. პირველ ივლისს კალენდარული მატჩი გვაქვს საჩხერის „ჩიხურასთან“. ეს მატჩი გენერალური რეპეტიცია იქნება მონტენეგროში გამგზავრებამდე. ვინაიდან გუნდს ყოველ მეოთხე დღეს უწევს თამაში, არ არის გამორიცხული როტაციას მივმართოთ. „სუტიესკას“ თამაში სათანადოდ შევისწავლეთ. დაბალანსებული გუნდია, ჰყავთ კარგი ფორვარდი. უპირატესობას ძალისმიერ ფეხბურთს ანიჭებენ“.

„გაგრას“ მთავარი მწვრთნელი მეტოქის უპირატესობას აღიარებს, მაგრამ გამარჯვებასაც არ გამორიცხავს:

კლასითა და გამოცდილებით ჩვენზე წინ არიან. ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. მოკლე და საშუალო გადაცემებს აკეთებენ. სტანდარტულებს კარგად ასრულებენ. რა შეიძლება ასეთ გუნდს დავუპირისპიროთ? იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რომ „სუტიესკას“ ბარიერი გადავლახოთ. თუ სწორად ვიმუშავებთ და მაქსიმალურ კონცენტრაციას შევძლებთ, ვფიქრობ ამ ბარიერის დაძლევას მოვახერხებთ“.