„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი - კარზე კაკუნი გავიგეთ, გაიღო კარი და ვიღაცამ წერილი შემოგვიგდო, აღტკინებული ადამიანის წერილია
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი - კარზე კაკუნი გავიგეთ, გაიღო კარი და ვიღაცამ წერილი შემოგვიგდო, აღტკინებული ადამიანის წერილია

ფოთის პორტში თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება, მათ პირადობის მოწმობებს ართმევენ და აიძულებენ, სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფოთის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია შტაბში ანონიმური წერილის საშუალებით მიიღეს.

„კარზე კაკუნი გავიგეთ, გაიღო კარი, შემოაგდო ვიღაცამ წერილი და გაიქცა. აღტკინებული ადამიანის წერილია, რომელიც წერს, რომ სამი დღეა, პორტში მიმდინარეობს თანამშრომლებზე ზეწოლა. ართმევენ პირადობებს, წინასწარ ინიშნავენ ნომრებს და ეუბნებიან, თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემ ხმას, გაგათავისუფლებთ სამსახურებიდანო. თან ეუბნებიან, იმიტომ გართმევთ ამ პირადობას, რომ თქვენი მიცემული ხმა გაკონტროლდებაო. ეს არამარტო პორტში ხდება, ყველა სამსახურებში ასეა“, – აცხადებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბის ხელმძღვანელი დარეჯან ცხვიტარია.