გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა - 132-მა სახელმწიფომ გააკეთა რეგიონთაშორისი განცხადება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს „ინფოდემიასთან“ ბრძოლის აუცილებლობაზე
გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა - 132-მა სახელმწიფომ გააკეთა რეგიონთაშორისი განცხადება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს „ინფოდემიასთან“ ბრძოლის აუცილებლობაზე

12 ივნისს ავსტრალიის, ჩილეს, საფრანგეთის, საქართველოს, ინდოეთის, ინდონეზიის, ლატვიის, ლიბანის, მავრიკის, მექსიკის, ნორვეგიის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის ინიციატივით გაერო-სთან 132 სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენლობებმა გააკეთეს რეგიონთაშორისი განცხადება „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს „ინფოდემიასთან“ ბრძოლის აუცილებლობაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

„განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კოვიდ-19“-ის ვირუსის აფეთქებისა და პანდემიის გამოცხადების შემდეგ, გაერო-ს გენერალური მდივანი, გაეროს სხვა მაღალჩინოსნები და სხვა ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას პანდემიის დროს „ინფოდემიის“ მზარდ გამოწვევაზე. „კოვიდ-19“-ის ჯანმრთელობის კრიზისის დროს, „ინფოდემიის“ გავრცელებას ისეთივე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს, როგორც თვით პანდემიას. პანდემიამ შექმნა პირობები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციისა და ხელოვნურად დამუშავებული ვიდეოების გავრცელებას ძალადობის წახალისებისა და თემების დასაპირისპირებლად.

შექმნილ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებმა მიიღონ ადეკვატური ზომები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. სახელმწიფოები მოუწოდებენ ყველას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დეზინფორმაცია და დაიცვან გაერო-ს რეკომენდაციები, მათ შორის გაერო-ს სახელმძღვანელო „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ სიძულვილთან (2020 წლის 11 მაისი) ბრძოლის თაობაზე. „კოვიდ-19“-ის კრიზისმა ნათლად აჩვენა სანდო, ფაქტებზე დაფუძნებულ, მიზანმიმართულ, ზუსტ, ნათელ და მეცნიერებაზე დამყარებულ ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის აუცილებლობა და დაადასტურა თავისუფალი, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლიანი და პლურალისტური მედიის მნიშვნელობა რათა გაიზარდოს გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და ნდობა – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში სახელმწიფოები მიესალმნენ გაერო-ს კომუნიკაციის ინიციატივას და კერძოდ, გენერალური მდივნის მიერ გამოცხადებულ კამპანიას Verified, რომელიც ოფიციალური წყაროებით გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. განცხადება მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და დაინტერესებულ მხარეს, აქტიური ზომები მიიღონ „ინფოდემიასთან საბრძოლველად“, – აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.